ხელით დათვლილი ელექტრონული არჩევნები საქართველოში
რას (ვერ) უზრუნველყოფს ელექტრონული აპარატები?
მართალია, ელექტრონული არჩევნები ფუნდამენტურად არ ცვლის არჩევნების ჩატარების ლოგიკას, თუმცა ამომრჩევლისთვის არაერთი ნიუანსი იცვლება, მათ შორის საარჩევნო უბანზე ქცევის წესი. მაგალითად, უბანზე მისულს შესასვლელთან კვლავ დაგხვდებათ კომისიის წევრი, რომელიც აუცილებელ მარკირებას გაგატარებთ და შეამოწმებს უკვე ხომ არ მიგიციათ ხმა. ამის შემდეგ, ანბანის ლოგიკის მიხედვით დაყოფილ რეგისტრატორთან მისვლა, რომელსაც თქვენი გვარის საწყისი ასოს სია უდევს, აღარ მოგიწევთ. ამის ნაცვლად, ვერიფიკაციის აპარატთან გადაინაცვლებთ, რომელშიც კონკრეტული უბნის საარჩევნო სიაა ჩატვირთული. თითოეულ უბანზე, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი, მაქსიმუმ ხუთი ვერიფიკაციის აპარატი იქნება. რეგისტრატორი კი ვინაობის დამადასტურებელი მოწმობით, ID ბარათით ან საქართველოს მოქალაქის პასპორტით, თქვენს ვერიფიცირებას შეძლებს და საარჩევნო ბიულეტენს გადმოგცემთ.
ვერიფიკაციის აპარატში ჩატვირთულია ამომრჩევლის საერთო სია, საიდანაც არჩევნების დღეს იმ კონკრეტული უბნის სია აქტიურდება, რომელ უბანზეც ეს აპარატია განთავსებული. სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი გამოწვევად მიიჩნევენ, რომ მათ სიების ჩატვირთვის პროცესზე დაკვირვების საშუალება არ მიეცემათ. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ, ცესკოდან უბნებად დაყოფილი ამომრჩევლის საერთო სია გამოითხოვონ, ეს სია შეისწავლონ და შეადარონ იმ სიას, რომელსაც არჩევნების დღეს უბანზე აპარატიდან ამობეჭდავენ და კედელზე გამოაკრავენ. სიების ავთენტურობის დადასტურების ერთ-ერთი გზა ესაა.
პოლიტიკოსებიც მიანიშნებენ იმაზე, რომ სიებზე დაკვირვების შეზღუდვა ე.წ. კარუსელის შესახებ ეჭვებს აჩენს. სახელმწიფოს აქვს წვდომა იმ პირების შესახებ, ვინც ქვეყანაში არაა, ხელი მიუწვდებათ იმ ინფორმაციაზეც, ვინ არის საკონსულო აღრიცხვაზე და ვინ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას საზღვარგარეთ, მათთვის ასევე ხელმისაწვდომია ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ, შესაბამისად, ეცოდინებათ, ვინ დაბრუნდება ქვეყანაში არჩევნებამდე. ამ კომპონენტების ერთობლიობას დამატებული სიის ჩატვირთვის პროცესის გაუმჭვირვალობა, აჩენს ეჭვს, რომ ქვეყანაში არმყოფი ადამიანის პირადობის მოწმობის გამოყენებით, შესაძლოა, ხმა სხვა ადამიანმა მისცეს.
„აქამდე წვდომა გვქონდა სიებზე და ყველაფერზე. ეგ კი არა, სადამკვირვებლო ორგანიზაციები აკვირდებიან ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს სტამბაში. ბიულეტენის დაბეჭდვის პროცესს თუ ვაკვირდები ადამიანი, სიის ჩატვირთვის პროცესზე დაკვირვების საშუალება რატომ არ უნდა გვქონდეს?!“ - კითხულობს ნათია ზოიძე, განვითარების და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
ე.წ. კარუსელის რისკს ხედავს კიდევ ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.“ ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამგვარი რისკის დაზღვევა სხვა, უფრო მაღალტექნოლოგიური ელექტრონული აპარატების გამოყენებით იქნებოდა შესაძლებელი, როცა ელექტრონული მოწყობილობა ამომრჩევლის ვერიფიკაციისთვის პირადობის მოწმობასთან ერთად, თითის ანაბეჭდსაც იყენებს. ეს ტექნოლოგია დანერგილია საქართველოს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, სადაც აპარატი ორივეს, საბუთს და საბუთთან ადამიანის შესაბამისობას ამოწმებს თითის ანაბეჭდის მეშვეობით.
ცენტრალური საარჩევნო კომისია კრიტიკას არ იზიარებს. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე, არ ეთანხმება ISFED-ის პოლიტიკის დოკუმენტს, სადაც საქართველოში დანერგილი ოპტიკური ნიშნის ამომცნობი აპარატს შედარებით მოძველებული ტექნოლოგიადაა შეფასებული:
„რატომ ჩნდება ტერმინი 'მოძველებული', როდესაც ტექნიკა უკვე შეძენილია?! ვინმემ უნდა დაამტკიცოს და გამოიკვლიოს, აღნიშნულ ტექნოლოგიას რატომ აქვს რაიმე ის პრობლემა, რომელსაც გვთავაზობენ, რომ გადაჭრიან. ჩვენი სისტემა დადასტურებულია დასკვნით, რომ იყენებს არანაკლებ უნიკალურ გასაღებს (ვიდრე თითის ანაბეჭდია), ეს არის პირადი ნომერი. თითის ანაბეჭდი დიდ ცვლილებას ვერ შეიტანს.“ - ამბობს შარაბიძე Chai Khana-სთან საუბრისას.
ვერიფიკაციის აპარატთან ერთად, შეკითხვები არსებობს ხმის დამთვლელი აპარატის შემთხვევაშიც. 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩეველი მის ნებას ქაღალდის ბიულეტენზე გამოხატავს, რომელიც კაბინიდან გამოსვლის შემდეგ ხმის დამთვლელ აპარატში უნდა მოათავსოს, რაც ნიშნავს, რომ ბიულეტენი უნდა გააციფრულოს. სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი შესაძლოა, პრობლემურად წარიმართოს. პილოტირებისას გამოვლინდა შემთხვევები, როცა ბიულეტენის დასკანერების დროს დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი. პროცესზე შესაძლოა, გავლენა იქონიოს ისეთმა გარემოებებმა, როგორიცაა კლიმატი, მაგალითად, ნათია ზოიძე იხსენებს პილოტირებისას დაფიქსირებულ შემთხვევას, როცა ფოთში წვიმის და ნესტის გამო დასასკანერებელი ბიულეტენებიც დანესტიანდა და აპარატურის მუშაობა შეაფერხა.
ცესკოს ჰქონდა შესაძლებლობა, შეეძინა ისეთი აპარატი, რომლის გამოყენების შემთხვევაში, ამომრჩეველს ქაღალდის ბიულეტენთან შეხება არ მოუწევს და საკუთარ არჩევანს ეკრანზე შეხებით დააფიქსირებს, ზუსტად ისე, როგორც ე.წ „ფეი ბოქსს“ ვიყენებთ. ეს ასევე გამორიცხავს ბიულეტენის არასწორად შევსების რისკს. ეკრანზე დაფიქსირებული არჩევანი იბეჭდება ბიულეტენზე, სპეციალური გამჭვირვალე მინის მიღმა, ამომრჩეველი ხედავს საკუთარ არჩევანს ისე, რომ მას ვერ ეხება, ადასტურებს, რომ მისი ნება ბიულეტენზე ზუსტად არის ასახული, რის შემდეგაც ბიულეტენი იჭრება და საარჩევნო ყუთში გადაინაცვლებს.
„ქაღალდის კვალის არსებობის მოთხოვნას აკმაყოფილებს ეს აპარატი. უბრალოდ, ბიულეტენს ხელით ვერ ეხებით, შესაბამისად ვერც დააზიანებთ, გარეთ ვერ გაიტანთ და ვერ შეცვლით. ფარულობაც უზრუნველყოფილია. იმ გამოწვევებს, რაც დღეს საქართველოში საარჩევნო უბნებზეა, აგვარებს და აზღვევს ეს აპარატები.“- ამბობს გიორგი მონიავა, ISFED-ის სამართლებრივი ექსპერტი.
ელექტრონულ არჩევნებზე აპარატებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საერთაშორისო ავტორიტეტული კომპანია „სმარტმატიკი“ (Smartmathic) უზრუნველყოფს. სახელმწიფო შესყიდვეების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც თითქმის 55 მილიონი დოლარის მომსახურება უნდა გაწიოს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საქართველო კომპანიისგან 6453 ვერიფიკაციის აპარატი და 3601 ხმის მთვლელი აპარატი შეიძინა.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს ვკითხეთ, აპარატების შერჩევისას ცესკოს არჩევანი შეღავათიანმა ფასმა ხომ არ განაპირობა. გიორგი შარაბიძე ამბობს, ფასი აპარატების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ფაქტორი არ ყოფილა.
უნდა ველოდოთ თუ არა არჩევნებზე ბევრ ბათილ ბიულეტენს?
საქართველოში ელექტრონულად ხმის მიცემა უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს, მათ შორის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც თბილისის კრწანისის რაიონში საცდელი ელექტრონული ბიულეტენების სკანერი გამოიყენეს. ამას გარდა, ელექტრონულად ხმის მიცემა გამოიცადა 2023 წელს ჩატარებულ ორ შუალედურ არჩევებზე. ISFED-ის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ აქამდე ჩატარებულ არჩევნებში გამოვლენილი შედეგების თანახმად, ავტომატურად დათვლილსა და ხელით დათვლილ ბიულეტენებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ცნობითაც, ცდომილება ხელით და მანქანით დათვლილს შორის 0.013% -ია. სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი გამოწვევად მიიჩნევს საარჩევნო კოდექსის ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, თუ ბიულეტენი წესის დაცვით არ არის შევსებული, ისე როგორ აპარატის აღქმისთვისაა საჭირო, უნდა ჩათვალო ბათილად.
ISFED-ის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ რაც ნაკლებად იარსებებს ინტერპრეტირების და სუბიექტური აღქმის შესაძლებლობა, საარჩევნო პროცესისთვის უკეთესია, თუმცა კიდევ ერთი ორგანიზცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)“, რომელიც პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებს და მერების რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდა, საკითხს სხვაგვარად ხედავს.
„იქ, სადაც აპარატმა ვერ აღიქვა ამომრჩევლის განზრახვა და აშკარად არის ამომრჩევლის ნება გამოხატული, კომისია უნდა იყოს ვალდებული, იმსჯელოს და არ ჩათვალოს ამომრჩევლის ხმა ბათილად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ აპარატმა ვერ აღიქვა გასაფერადებელი წრე.“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში.
ელექტრონული არჩევნები და კიბერუსაფრთხოება
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეძენილი აპარატურაც, ცხადია, იმავე პრინციპით მუშაობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არც პროგრამული და არც აპარატული უზრუნველყოფის პროცესზე დაკვირვებისთვის მიუცია დაშვება სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და პოლიტიკური აქტორებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე, გვეუბნება, რომ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს შეიცავს „საწყისი კოდის იმგვარი გამჭვირვალობა, როგორსაც ზოგიერთი მოითხოვს,“ სკეპტიკოსებს კი იმ აუდიტის გაცნობისკენ მიუთითებს, რომელიც ცესკომ გასულ წელს საერთაშორისო კომპანიას „PRO V&V“-ს ჩაატარებინა.
„რაც შეეხება წყაროს კოდის მიმოხილვას, ბოლო შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე მოვიწვიეთ დამოუკიდებელი კომპანია, PRO V&V, რომელიც, როგორც აპარატის, ისე პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. ეს აუდიტის დასკვნა პარტიებმა კარგად იციან, რადგან, პირველ რიგში, მათ გაიცნეს ეს საკითხი. ამ აუდიტორული კომპანიის წარმომადგენელი პასუხობდა მათ კითხვებს.“
აუდიტის დასკვნა მართლაც საჯაროა და ადასტურებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის სიტყვებს შესაბამისობის ნაწილში, თუმცა კომპანია „სმარტმატიკის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია არ კრძალავს საწყისი კოდის გამჟღავნებას, რადგან მიიჩნევს, რომ გამჭვირვალეობა არჩევნების შედეგებისადმი ნდობის გასაღებია. კომპანია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, აქტიურად მოითხოვონ საწყისი კოდის აუდიტი და ამბობს, რომ კოდი ხელმისაწვდომი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისთვის და აკრედიტებული/სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის.
ვინაიდან აპარატის მიერ დათვლილ შედეგებს წლევანდელ არჩევნებზე ხელით გადაითვლიან და სწორედ ხელით დათვლილი შედეგები მიიჩნევა საბოლოო შედეგებად, წყაროს კოდის ღიაობას, შესაძლოა, არ ჰქონდეს კრიტიკული მნიშვნელობა. ჰიპოთეზური დაშვებითაც, აზრს მოკლებულია, აპარატი ისეთ დავალებას ასრულებდეს, რომელიც ხელით დათვლით შედეგებსა და აპარატით დათვლილ შედეგებს შორის დიდ სხვაობას აჩვენებს. ამას გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ინტერნეტის გამოყენების გარეშე ტარდება, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე გამოყენებული აპარატები ქსელში ჩართული არ იქნება. პროცესის ინტერნეტს მიღმა წარმართვა გარკვეული თვალსაზრისით სიმშვიდის საფუძველს გვაძლევს, რომ კიბერ-რისკები შემცირებულია, მათ შორის გარედან ჩარევის და კოდით მანიპულირების რისკებიც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რისკები საერთოდ არ არსებობს.
ნებისმიერი არაქსელური მოწყობილობის, ამ შემთხვევაში ხმის მიცემის აპარატების მთლიანი სისტემის (software + hardware), საფუძვლიანი შემოწმება უნდა მოხდეს, რათა დადგინდეს ნამდვილად არის თუ არა აღნიშნული მოწყობილობა air-gapped (ინტერნეტისგან იზოლირებული) და ხომ არ არის შესაძლებელი რაიმე სახის დისტანციური საკომუნიკაციო არხით მასთან დაკავშირება. გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსმა" 2018 წელს ვრცელი სტატია მიუძღვნა იმ ნაკლოვანებებს, რაც ზოგადად საარჩევნო ელექტრონულ აპარატებს ახასიათებს. სტატია სწორედ ისეთ შემთხვევას მიმოიხილავს, როცა აპარატებში დაინსტალირებული დისტანციური წვდომის პროგრამები აღმოაჩინეს.
„სწორედ აღნიშნული რისკების მინიმუმამდე დაყვანისათვისაა მთლიანი სისტემის საფუძვლიანი ტესტირება და აუდიტი დამოუკიდებელი მესამე მხარის მიერ, რომლის შედეგადაც შესაძლოა, გამოვლინდეს არა მხოლოდ კოდში არსებული ხარვეზები, არამედ უშუალოდ აპარატურული bug-ები და სხვა შეუსაბამობები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის ორივე კომპონენტის კომპლექსური შემოწმების შემდეგ, ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ საკმარისი ობიექტური რწმუნება, რომ ტექნოლოგიის არცერთი კომპონენტის ცვლილება აღარ მოხდება და ხმის მიცემის პროცესი სწორედ აუდიტირებული მოწყობილობითა და პროგრამული უზრუნველყოფით ჩატარდება.“- ამბობს საარჩევნო ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო კონსულტანტი, გიორგი იაშვილი.
დისტანციური წვდომის მაიდენტიფიცირებელ ტექნიკის შემუშავებაზე მუშაობს ISFED-იც. მართალია, ორგანიზაციაში ნაკლებად აქვთ მოლოდინი, რომ ვინმე პროგრამულ უზრუნველყოფაზე წვდომისას მონაცემების შეცვლას შეეცდება, რადგან შედეგები საბოლოოდ მაინც ხელით უნდა გადაითვალოს:
„თუმცა არჩევნების მიმდინარეობისას შესაძლოა [მმართველმა პარტიამ], გაიგოს ხმათა ბალანსი როგორია, პროცესის პულსზე ედოს ხელი და იცოდეს ვინ იმარჯვებს, რომ ხმების მობილიზება შეძლოს. ამას აკეთებდნენ ტრადიციული არჩევნების დროს კოორდინატორები, აღრიცხავდნენ რამდენი და ვისი ამომრჩეველი მივიდა, უბრალოდ ელექტრონულად ეს უფრო მარტივდება. ამიტომ ვმუშაობთ, რომ გადავფაროთ ეს რისკები და მეთოდოლოგია მოვარგოთ იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც შემოიტანა ელექტრონულმა აპარატებმა.“ - ამბობს გიორგი მონიავა.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია კომპანიას „PRO V&V“ განმეორებით აუდიტს ჩაატარებინებს. აუდიტი 3 ეტაპად, არჩევნების წინა პერიოდში და არჩევნების დღეს ჩატარდება. აუდიტის მოსამზადებელ პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჩართული არ ყოფილან და წინა წლის მსგავსადაც, აუდიტის დასკვნას გაეცნობიან და მათთვის საინტერესო შეკითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემათ.
მითები ელექტრონული არჩევნების შესახებ
ამომრჩევლის ნების კონტროლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც საქართველოს უახლოეს საარჩევნო წარსულში მუდმივ პრობლემად ფიგურირებს.
2021 წელს CRRC-საქართველომ არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ კვლევა ჩაატარა. შედეგების თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 31% ფიქრობს, რომ შეუძლებელია, რომ საქართველოში ვიღაცამ გაიგოს, თუ ვის მისცა ხმა მეორე ადამიანმა. მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (44%) მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელია, ხოლო 25% არაა დარწმუნებული რამდენად შესაძლებელი, ან შეუძლებელია მოქალაქის არჩევანის გაგება.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესში ელექტრონული კომპონენტის შემოტანამ შესაძლოა, უფრო გაამწვავოს ამომრჩევლის არასწორი ვარაუდი ამ საკითხთან დაკავშირებით:
„ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა იყო, იმის თქმა, რომ ვიცით, ხმას ვის მისცემ. ახლა, როცა ელექტრონული ტექნოლოგიბი შემოვიდა, რომელიც შესაძლოა, ამომრჩეველმა ზუსტად რას ნიშნავს, არ იცოდეს, ამ დროს მოდის ადამიანი და, თუ აქამდე ის ემუქრებოდა, ან სთხოვდა, ან ცოტა ფული უჯდებოდა მოსყიდვა, ახლა ეუბნება, რომ პროცესს ტექნოლოგიები დაემატა და ისედაც გავიგებ, შენ ვინ ხარ. ამ ტიპის ზეწოლა უფრო გაადვილდა,“ - ამბობს გიორგი მონიავა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ტრადიციული არჩევნებიდან ელექტრონულ არჩევნებზე ტრანზიციის შესახებ კამპანიას ერთი წელია ატარებს. ცესკო კამპანიის ინტენსივობით კმაყოფილია, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილი კი ნაკლებად, მეტიც, მიიჩნევენ, რომ არც პოლიტიკური პარტიები აქტიურობენ სათანადოდ დეფზინფორმაციის გაქარწყლების ნაწილში. ამჟამინდელი ვითარებით ცნობილია, რომ ახალი აპარატები გამოიცადა შუალედურ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ამას გარდა, მოქალაქეებს მისი დატესტვის შესაძლებლობა ჰქონდათ მეტროსადგურებში, იმიტირებული საარჩევნო პროცესები გაიმართა ასეულობით უბანზე, ტექნოლოგიების გამოცდის შესაძლებლობა მიეცათ საჯარო მოხელეებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, აპარატები განთავსდა ისეთ ადგილებში, სადაც მოქალაქეები სახელმწიფო სერვისებს იღებენ. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ცნობით „ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი უშუალო ინტერაქციის გზით არის ინფორმირებული ტექნოლოგიური საშუალებების შესახებ.“ [ეს საერთო ამომრჩევლის დაახლოებით 15%-ია]
კამპანიის ნაწილია საინფორმაციო ვიდეობის გავრცელება ციფრული და ტრადიციული მედიითაც. ცესკოს მიერ შექმნილი ერთ-ერთი საინფორმაციო ვიდეო, კონკრეტულად ხმის ფარულობას უკავშირდება. 30 წამში ახსნილია, რომ ბიულეტენი არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომლითაც შესაძლებელი იქნება მისი ამომრჩეველთან დაკავშირება, რომ აპარატი არ იმახსოვრებს ცალკეული ბიულეტენების მოთავსების დროს და შესაბამისად, ამომრჩევლის ხმის ფარულობა დაცულია. ამჟამად ვიდეოს ფეისბუქზე 136 000 ნახვა აქვს.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომელსაც Chai Khana ესაუბრა, და ვისაც კრიტიკული შენიშვნები აქვს საარჩევნო პროცესთან, მათ შორის ელექტრონულ ტექნოლოგიებთან კავშირშიც, ეჭვქვეშ არ აყენებს იმას, რომ ამომრჩევლის ხმის ფარულობა დაცულია და ელექტრონული აპარატები ამ მხრივ პრობლემას არ წარმოადგენს.
„ხმის ფარულობა 100%-ით გარანტირებულია, არანაირი თეორიული საშუალება არ არის დადგინდეს, რომელმა ამომრჩეველმა, ვის მისცა ხმა მათ შორის აპარატებითაც. ბიულეტენი, რომელიც ამომრჩეველზე გაიცემა, არანაირ ისეთ მონაცემს არ შეიცავს, რითაც შესაძლებელი იქნება მისი კონკრეტულ ამომრჩეველთან დაკავშირება. ასევე, არც ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატები არ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, შესაბამისად, სინქრონიზაციას ვერ გააკეთებენ ვერიფიცირების პროცესს და იქ ჩაგდებულ ბიულეტენს შორის,“ - ამბობს გიორგი მონიავა.